28 მაისს, ცნობილი იტალიური ბენდი The Kolors და ,,ნიკოს ბენდი“, საქართველოში ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

28 მაისს, ცნობილი იტალიური ბენდი The Kolors და ,,ნიკოს ბენდი“, საქართველოში ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს!

საქველმოქმედო ფონდი ,,ცხოვრება მშვენიერია”, 28 მაისს, 20.00 საათზე, აბრეშუმის ქარხანაში (Silk Factory Studio) წარმოგიდგენთ მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების, The Kolors-ისა და ნიკოს ბენდის, ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს. კონცერტის შემდეგ, გელოდებათ ქართველი DJ Alex G Nu-Disco-ს მიქსი. მანამ სანამ, კონცერტის სამზადისია და ვარსკვლავური ჯგუფები თქვენს წინაშე წარსდგებიან,მოდით ცოტა რამ ვისაუბროთ მათ შესახებ და გავიცნოთ ისინი უფრო ახლოს.

The Kolors– ცნობილი იტალიური მუსიკალური ჯგუფია, რომელიც ქ.ნეაპოლში ,2009 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები, ბიძაშვილები ანტონიო ალექს სტაშ ფიორდისპინო, ალექს ფიორდისპინო და  დარიო იაკული არიან.  ტრიომ პოპულარობა, 2015 წელს  მარია დე ფილიპის ტალანტების შოუს „Amici“-ის მეშვეობით მოიპოვა. (Talen Show Amici si Maria De Filippi) ეს გახლდათ,პროექტის მეთოთხმეტე გამოცემა,სადაც ბენდი ტრიუმფით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი და ერთი ნაკრები. სიმღერები ჩაწერილია იტალიურ და ინგლისურ ენებზე. The Kolors თანამშრომლობს   ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Umberto Tozzi, Geolier, Irama, Gucci Mane, Elisa, Guè, J-Ax, Elodie და Lorenzo Fragola. მათი ოფიციალური მედიამხარდამჭერი იტალიაში, ცნობილი რადიომაუწყებელი RDS-ია, რომელმაც რადიოს ინსტაგრამ გვერდზე, ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილ The Kolors-ისა და ,,ნიკოს ბენდის” ერთობლივ კონცერტთან დაკავშირებით,უკვე გამოაქვეყნა.

3 აპრილს, იტალიურმა ბენდმა The Kolors-მა, ქ.მილანში, პირველი live კონცერტი გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც, დიდ ეკრანზე ჯგუფის მიერ დაორგანიზებული ევროპის ტური გამოჩნდა. აღსანიშნავია,რომ ევროპის ტურში, საქართველო ქვეყნების ჩამონათვალში,სიით ნომერ პირველია.

ბენდი THE KOLORS, წლებია უკვე იტალიაში ცნობილია, თუმცა საერთაშორისო პოპულარობა სიმღერით Italo disco მოიპოვა. აღნიშნულმა სიმღერამ ბენდს გამარჯვება, Power Hits Summer 2023-ზე მოუტანა.ამას გარდა, FIMI-ს მიერ შედგენილ ტოპ სინგლებში პირველი ადგილი დაიკავეს.

The Kolors-მა, არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სანრემოს ფესტივალში, რომელიც იტალიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ფესტივალია. სწორედ სანრემოს ფესტივალის მეშვეობით გაიცნო ქართველმა მაყურებლებმა, ლეგენდარული მომღერლები: რიკი ე პოვერი, ალბანო, ტოტო კუტუნიო, ჩელენტანო და მრავალი სხვა იტალიელი არტისტი.

წელს,სანრემოს ფესტივალს, 74 წლის განმავლოაბაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი, ქართველი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა ესწრებოდა, რომელმაც იტალიურ ბენდთან, The Kolors-სთან, ინტერვიუ ჩაწერა. როგორც აღმოჩნდა, The Kolors-მა, ,,ნიკოს ბენდის”-სა და ,,ქართული დისკოს” მასშტაბური წარმატების შესახებ უკვე იცის და დიდი სურვილი ჰქონიათ ბენდთან შეხვედრისა და ერთობლივი კონცერტის გამართვის. ბენდის სოლისტმა, ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ პუბლიკასთან შეხვედრას და კონცერტის გამართვას. საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ესაკიამ არ დააყოვნა და ბენდს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი,ძალიან მალე შეუსრულა.

The Kolors მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის:  Summer Festival, Wind Music Awards, Kids’ Choice Awards, MTV Award, Lunezia Award, MTV Europe Music Awards საუკეთესო იტალიელი შემსრულებლისათვის, ოქროს დისკი სიმღერისათვის Out, Power Hits Estate, 2023 – გამარჯვებულები Italodisco-თი და მრავალი სხვა.

„ნიკოს ბენდი“ – არის ქართული მუსიკალური ჯგუფი. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „Georgian disco”

იტალიური სიმღერის „ITALO DISCO” (THE COLORS) ქართულმა ვერსიამ, სოც ქსელებში გლობალური მაშსტაბით,ფურორი მოახდინა. მხოლოდ TIK-TOK-ის პლატფორმაზე,მათ სიმღერას 500 000 000 ზე მეტი ნახვა აქვს.

მუსიკის საძიებო სისტემის SHAZAM-ის მიხედვით, 2024 წლის იანვარში, გლობალურ საძიებო ჩარტში, ,,ქართულ დისკოს”, მე 15 ადგილი ეკავა.სიმღერამ, YOUTUBE-ზე სულ რაღაც 3 თვეში, 40 მილიონი ნახვა დააგროვა. 2023 წელს,ბენდს ყაზახეთში გადაეცა პრემია, როგორც ყველაზე პოპულარულ უცხოურ სიმღერას. 2023-24 წლის ინტერნეტ ჩარტებში, ,,ქართული დისკო”, მოწინავე პოზიციებს იკავებს.

ნიკოს ბენდის ინპირაციით, შეიქმნა უამრავი ვარიანტი: „Armenian disco” “Moldovian disco” “Kazasha disco” და ა.შ.

“Nikos band”-მა უკვე არაერთი წარმატებული კონცერტი მსოფლიოს მაშსტაბით ჩაატარა და რაც მთავარია, წინ უამრავი გეგმა და მიზანი აქვთ დასახული. 3 აგვისტოს, ბენდი მაყურებელს საოცარ სიურპრიზს უმზადებს.როგორც გაირკვა,ეს იქნება უნიკალური შემთხვევა: „Nikos band” ,მაყურებლის წინაშე სრული შემადგენლობით და ლაივ-შესრულებით წარსდგება. ისინი შეასრულებენ საკუთარ ჰიტებს და რა თქმა უნდა იქნება ცნობილი ჰიტი „Georgian disco”.

კონცერტის ორგანიზატორი, გახლავთ საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ ,რომელიც 2014 წლის 19 იანვარს შეიქმნა, 10 წლის მანძილზე  ფონდმა არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა და უამრავი ადამიანის დახმარება შეძლო. როგორც ფონდის დამფუძნებელი ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავს, ეს იყო როგორც სოციალური, ასევე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის და არაერთი სიცოცხლის გადარჩენის საუკეთესო შესაძლებლობა. 

28 მაისის საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთი მედია მხარდამჭერი, იტალიაში დაფუძნებული ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023