სიცოცხლით სავსე ქალაქი წყალში იძირება - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

სიცოცხლით სავსე ქალაქი წყალში იძირება

სოციალურ ქსელში ზურაბ ბატიაშვილი წერს:

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია, როდესაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის წყალში ჩაძირვას უცქერ. მითუმეტეს იმ ქალაქისა, რომელთანაც არაერთი მოგონება გაკავშირებს.
ვინც ტაოში ყოფილა, გვერდს ვერ აუვლიდა პატარა და კოპწია ქალაქ იუსუფელს თავისი კოლორიტული ადამიანებითა და აურით.

დღეს მისი ქუჩები წყლით დაიფარა (ახალაშენებულ ჰესში წყლის დაგუბება დაიწყო) და მალე მთლიანადაც ჩაიძირება.

ჭოროხისა და პარხლისწლის შესართავზე მდებარე ამ ქალაქში ციხის კარი არასოდეს იკეტებოდა, რადგან იქ დანაშაული არ ხდებოდა. აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ ქართველები, გათურქებული ქართველები, თურქები… ქუჩებში ქართული საუბარი და წარწერები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საქართველოდან ჩასულ ქართველებსაც ყოველთვის ხაზგასმულად კეთილგანწყობით გვხვდებოდნენ.

პირველად ტაოში როდესაც ჩავედი, რა თქმა უნდა, ამ ქალაქში მოვხვდი. 2016 წელს, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო, მაშინაც ამ ქალაქში მომიწია ყოფნა. მაგის გარდაც ბევრჯერ ვყოფილვარ და უამრავი მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან.

გასულ ზაფხულს ბოლოჯერ ვიყავი იუსუფელში. ვიცოდი, რომ წყალში ჩაიძირებოდა ვეღარასოდეს ვნახავდი მას. ჩემებურად გამოვემშვიდობე. თან ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს მეხეტიალა მის ქუჩებში. წამოსვლისას გული იქ დამრჩა.

საერთოდ, ასეთ პატარა ქალაქებში შეიგრძნობა ამა თუ იმ ქვეყნისა და კუთხის სული, რომელსაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ, ვერცერთ გადაცემაში ვერ ნახავთ. ეს თავად უნდა შეიგრძნოთ.

ამიტომ მგონია, რომ ბედნიერია ყველა, ვინც იუსუფელშია ნამყოფი.

რა თქმა უნდა, დღეს ქალაქი სხვაგან გადავიდა და იმ ახალი იუსუფელის მონახულებაც შეგიძლიათ. მაგრამ ის ვერასოდეს გახდება ძველი და ნაღდი იუსუფელი.

ყველაზე მეტად კი იმ ადამიანებზე მეფიქრება, ვინც მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეს. მათ ხომ ჩვენზე მეტი მოგონება აკავშირებთ იუსუფელთან. დღეს ეს მოგონებები წყალში იძირება.

შეძლებენ კი ისინი თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს სრულად გადასცენ ის გრძნობები, რომელიც უკვე ისტორიად ქცეულ მათ იუსუფელს უკავშირდება?

ალბათ, ვერა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023