პირველად მსოფლიოში: თავის ტვინის ოპერაცია ნაყოფს საშვილოსნოში ჩაუტარეს - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

პირველად მსოფლიოში: თავის ტვინის ოპერაცია ნაყოფს საშვილოსნოში ჩაუტარეს

პირველად ისტორიაში, ქირურგებმა წარმატებით აღმოფხვრეს ნაყოფის თავის ტვინში არსებული მნიშვნელოვანი პათოლოგია.

მსგავსი: ელექტროენერგიის გამოყენებით, მეცნიერებმა ჭრილობები სამჯერ უფრო სწრაფად შეახორცეს — #1tvმეცნიერება

იშვიათი პრენატალური (დაბადებამდელი) მდგომარეობის სამკურნალოდ, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლისა და Brigham and Women’s ჰოსპიტლის ქირურგებმა მეთოდი, სახელად ემბოლიზაცია გამოიყენეს. დაავადებას გალენის ვენის მალფორმაციას (VOGM) უწოდებენ და წარმოადგენს სისხლძარღვთა ანომალიას, რომლის გამოც, ბავშვის დაბადების შემდეგ, მისი თავის ტვინის გარკვეულ ნაწილში სისხლი სახიფათოდ ჩქარა მოძრაობს. პროცედურის წარმატება აჩენს იმედს, რომ ამ დაავადების მკურნალობა იქამდე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გართულებათა რისკი გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით მკურნალობა მსოფლიოში პირველად მოხდა, პროცედურა აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა.

„მიმდინარე ცდაში, გალენის ვენის მალფორმაციის დაბადებამდევე სამკურნალოდ ვიყენებთ ულტრაბგერით მართვად საშვილოსნოსშიდა ემბოლიზაციას. მკურნალობის პირველ შემთხვევაში, აღფრთოვანებული დავრჩით პათოლოგიის აგრესიული შემცირებით“, — ამბობს ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნეიროინტერვენციული რადიოლოგი დარენ ორბახი.

მისი განცხადებით, ახალშობილი უკვე ექვსი კვირის არის, პროგრესირებს გამორჩეულად კარგად, არ საჭიროებს პრეპარატებს, ჭამს ნორნალურად, იმატებს წონაში და იმყოფება სახლში. თავის ტვინში არ შეიმჩნევა რაიმე უარყოფითი ეფექტები.

გალენის ვენის მალფორმაცია 60 000 ბავშვიდან ერთს აღენიშნება და წარმოადგენს იშვიათ სისხლძარღვოვან პათოლოგიას თავის ტვინში, რომლის გამოც, არტერიები კაპილარების ნაცვლად პირდაპირ ვენებს უერთდება. შედეგად, ვენებში სისხლის ნაკადი იმდენად მაღალია, რომ უსაფრთხო არ არის და იწვევს მთელ რიგ მავნე ეფექტებს.

გალენის ვენის მალფორმაცია

ეს მდგომარეობა განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მნიშვნელოვან სტრესს, რამაც შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს. ასევე იწვევს ფილტვებისა და ვენების არტერიათა ჰიპერტენზიას. თავის ტვინში დამატებითი წნევის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ტვინის მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც ნევროლოგიურ და კოგნიტურ დაქვეითებას განაპირობებს. ასევე აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.

მას ძირითადად დაბადების შემდეგ მკურნალობენ ემბოლიზაციით; ამ მეთოდით, ვენის დასაბლოკად, ქირურგები მასში სპეციალურ მასალას ათავსებენ, მაგალითად, შედედების აგენტს, რომელიც სისხლს შედედებას უწყობს ხელს და შესაბამისად, ხელს უშლის სისხლის ნაკადს.

თუმცა, დაბადების შემდეგ, მდგომარეობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. პლაცენტის დაბალი რეზისტენტულობა ხელს უწყობს სისხლის ნაკადისა და წნევის რეგულირებას, რაც ნაყოფის გარკვეულ თავდაცვას განაპირობებს, მაგრამ ეს თავდაცვა დაბადებისთანავე ქრება. დაბადებიდან მალევე, იხურება პატარა სისხლძარღვი, რომელიც ფილტვის არტერიას აორტასთან აერთებს; ამის გამო, იმატებს წნევა ფილტვის არტერიებში.

გალენის ვენის მალფორმაცია

შესაბამისად, ორბახი და მისი კოლეგები კლინიკურ ცდას აწარმოებენ, რათა შეაფასონ ამ დაავადების მკურნალობის შესაძლებლობა ბავშვის დაბადებამდე. მათი პაციენტი 34 კვირისა და 2 დღის ნაყოფი იყო (სრულყოფილი ნაყოფი 40 კვირის არის). ემბოლიზაციის პროცედურის ჩატარებისას, ულტრაბგერით იხელმძღვანელეს.

მსგავსი: ექსპერიმენტული თერაპიის შემდეგ, ინსულტგადატანილმა პაციენტებმა ხელის გამოძრავება კვლავ შეძლეს — #1tvმეცნიერება

ჩვილი ორი დღის შემდეგ დაიბადა, რადგან პროცედურამ საშვილოსნოს გარსების ნაადრევი რღვევა განაპირობა. თუმცა, დაბადების შემდეგ, ჩვილის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ნორმალურად მუშაობდა და არ საჭიროებდა დამატებით მხარდაჭერას ან ქირურგიულ ჩარევას. გამომდინარე იქიდან, რომ მშობიარობა ნაადრევი იყო, ჩვილი ჰოსპიტალში რამდენიმე კვირის განმავლობაში დატოვეს და ექიმები მის თავის ტვინზე დაკვირვებას აგრძელებდნენ.

საერთოდ არ შეიმჩნეოდა რაიმე ნევროლოგიური დარღვევა, სითხის დაგროვება ან სისხლდენა, დედა-შვილი სახლში სრულიად ჯანმრთელები გაწერეს.

ვინაიდან ის მიმდინარე ცდის პირველი პაციენტია, მეთოდი ჯერ საერთოდ არ არის მზად ფართო გამოყენებაში დანერგვისთვის. ერთი წარმატებული შემთხვევა საკმარისი არ არის, რათა თამამად ითქვას, რომ ეს მეთოდი ზოგადად წარმატებულია. მომავალმა შემთხვევებმა შეიძლება ასე კარგად არ ჩაიაროს; ჯერ კიდევ დასადგენია, აღემატება თუ არა ამ პროცედურის სარგებელი რისკებს.

თუმცა, შედეგები ძლიერ იმედისმომცემია. ამ დროისათვის, ბავშვი შესანიშნავად არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრენატალური ქირურგია შეიძლება ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს.

კვლევა ჟურნალ Stroke-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newsroom.heart.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

წყარო: 1tv.ge/news/tavis-tvinis

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023