თიკო სანიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი-ჰიპერრეალისტი და არქიტექტორია. ის 1983 წელს, თბილისში დაიბადა. 2000 წელს დაამთავრე თბილისის ან. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია.შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს წარმატებით დაამთავრა, სპეციალობა – ინტერიერის დიზაინერი. 2016 წლიდან ამერიკაში მოღვაწეობს და მის წარმატებებზე კი ინტერვიუში წაიკითხავთ:

გვიამბეთ როგორ მოხვდით ამერიკაში და რატომ გადაწყვიტეთ დარჩენა?
ნიუ იორკში 2016 წლის ნოემბერში ჩამოვედი Agora Gallery- ს მოწვევით. გამოფენამ ძალზედ წარმატებულად ჩაიარა. მრავალი ხელოვანის, ექსპერტისა თუ უბრალოდ დამთვალიერებლის მოწონება დავიმსახურე. ჩემი ნამუშევრები ცნობილ ჟურნალებში დაიბეჭდა .მათ შორისაა „ ART SPEKTRUM”, “OBSERVICA”, “ ART ARENA”, “ IT’S A WILD WORLD”, “ Artistonish”. ამავდროულად დაიგეგმა ჩემი მომდევნო გამოფენებიც, რომლებმაც წლის ბოლომდე გასტანა და ასევე დიდი წარმატება მომიტანა. ეს ის დროა, როდესაც საქართველოში ნაკლებად არის შესაძლებელი ჩემი პროფესიით არსებობა. დიდმა წარმატებემ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება მეცადა ბედი და მომეპოვებინა არაორდინალური ხელოვანის ვიზა. ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა და მეც გავაგრძელე აქ მოღვაწეობა.

როგორ ახერხებთ იყოთ ორივე სფეროში? როგორ ანაწილებთ დროს?
ნამდვილად რთულია ორივე სფეროში მოღვაწეობა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. თუმცა მე სხვაგვარად ვერ ვახერხებ.ვფიქრობ, უფრო მხატვარი ვარ, ასე ვხედავ საკუთარ თავს. თუმცა, ამ დრომდე ვერც არქიტექტურას ვთმობ და ვერც მხატვრობას. ვთვლი, რომ ორივე საქმიანობა ერთმანეთს ავსებს. არქიტექტორული შენობების პროექტირებაში, მათ რეალისტურ წარმოსახვაში ძალიან მეხმარება ჰიპერრეალიზმი. ვერ წარმომიდგენია [და ჯერჯერობით არც მიცდია] მხოლოდ ერთი საქმიანობით შემოფარგვლა. ვფიქრობ, ეს ძალიან შემზღუდავს და ამიტომ, ორივე საქმიანობას ვითავსებ დღემდე.
როგორ ფიქრობთ, თქვენს დიზაინში თუ იგრძნობა ქართული ხელწერა?
მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყოველი ხელოვანის შემოქმედება დიდ წილად არის ასახვა იმ გარემოსი , რომელშიც ის ჩამოყალიბდა. ასეა ჩემ შემთხვევაშიც.
ყოველ შემთხვევაში ჩემმა თანამშრომლებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს საქართველოს არქიტექტურისა და საერთოდ ჩვენი კულტურის გაცნობისა, მას შემდეგ, რაც ჩემი პროექტები ნახეს .
რას ფიქრობთ, რა არის თქვენში ის რითაც მოხიბლეთ ამერიკული პუბლიკა?
ვფიქრობ, ეს მარტო ჩემი დამსახურება როდია. ალბათ, ინდივიდუალიზმი და ჩემეული რეალობის აღქმა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამერიკელები გამოირჩევიან ნიჭიერი ადამიანებისადმი კეთილგანწყობით და მხარდაჭერით. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, სადაური ხარ, მთავარია იყო ნიჭიერი, მშრომელი და ფირმის ერთგული. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება საქართველოში არასდროს მიგრძვნია.


სამომავლო გეგმები არქიტექტურასა და მხატვრობაში
გეგმები ორივე სფეროში ძალზედ ბევრი და საინტერესოა. მოვიპოვე უფლება გავხდე ლიცენზირებული არქიტექტორი და ამისათვის უნდა ჩავაბარო შესაბამისი გამოცდები. რაც შეეხება მხატვრობას, დაგეგმილი მაქვს რამოდენიმე ძალზედ საინტერესო გამოფენა, როგორც აშშ ში, ასევე სხვა ქვეყნებში, რომელთა შორისაა იტალია და საქართველო. განსაკუთრებულად საქართველოს გამოფენისთვის ვემზადები. 2010 წლიდან სამშობლოში არ მქონია პერსონალური გამოფენა. ბევრი ადამიანი ელოდება და მეც მინდა შესაბამისად წარვსდგე ჩემი გულშემატკივრების წინაშე.
რა მოგცათ ამერიკამ, ემიგრაციამ?
ემიგრაციამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. გავხდი დამოუკიდებელი, მეტად თავდაჯერებული. ბევრი მოვლენა და ადამიანი გადავაფასე. ძალიან ბევრს ვშრომობ და დარწმუნებული ვარ შევძლებ დასახული მიზნების მიღწევას. აქ ბევრი რამ ვისწავლე. პანდემიის პერიოდიც კი სწავლაში გავატარე. დავამთავრე ნიუ იორკის დიზაინის ინსტიტუტი. მართალია ძნელია ემიგრაციაში ყოფნა, ხშირად მენატრება ჩემები, მაგრამ წინსვლა და წარმატება მსხვერპლს მოითხოვს. მეც ამ ეტაპზე ასე ვარჩიე.
თიკოს ნახატების სანახავად ეწვიეთ ბმულს: art.base.co/person/14184-tinatin-sanikidze
თიკოს არქიტექტორული ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ ბმულს: tikosart.com
ინტერვიუ აიღო ნინო ქაცარავამ
საოცარი ნახატებია.მალადეს საოცარი გოგო ხართ.
საუკეთესოთა შირის საუკეთესო ხარ.